წინამდებარე „წესები და პირობები“ ძალაში შედის 2026 წლის 3 ნოემბრიდან.
ერთი მხრივ, შპს „კაფეტერიოტექი“ (ს/კ 400451211; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, მიკრო/რაიონი VI, კორპუსი 9, ბინა N60; ვებ-გვერდი: cafeter.io; ელ. ფოსტა: support@cafeter.io; ტელეფონი: +995 599 15 49 24) (შემდგომში – „Cafeterio“ ან „კომპანია“),
და მეორე მხრივ, ფიზიკური პირი, რომელიც დარეგისტრირებულია Cafeterio-ს პლატფორმაზე ან სარგებლობს მისი მომსახურებით (შემდგომში – „მომხმარებელი“),
წინამდებარე დისტანციური ხელშეკრულების (შემდგომში – „წესები და პირობები“) საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
ტერმინთა განმარტებები
პლატფორმა – Cafeterio-ს ვებ-გვერდი (cafeter.io), მობილური აპლიკაცია და მათთან დაკავშირებული სერვისები;
კვების ობიექტი – პარტნიორი რესტორანი ან სამზარეულო, რომელიც ამზადებს, ყიდის და აწვდის კერძებს პლატფორმის მეშვეობით;
დამსაქმებელი – ორგანიზაცია, რომლის ოფისშიც პლატფორმის მეშვეობით ხორციელდება ლანჩის მიწოდება და რომელსაც მომხმარებელი პლატფორმაზე უკავშირდება;
დაფინანსება – დამსაქმებლის მიერ შეკვეთის ღირებულების სრულად ან ნაწილობრივ (დღიური ლიმიტით) დაფარვა;
კვირის მენიუ – კვების ობიექტის მენიუ, რომელიც კონკრეტული სამუშაო კვირისთვის ქვეყნდება პლატფორმაზე;
შეკვეთის ვადა – პლატფორმაზე მითითებული დრო, რომლის შემდეგაც კონკრეტული დღისთვის შეკვეთის განთავსება, შეცვლა ან გაუქმება შეუძლებელია;
მიღების წერტილი – დამსაქმებლის ოფისში შეთანხმებული ადგილი, სადაც ხდება შეკვეთების მიწოდება.
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. Cafeterio მომხმარებელს აძლევს პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია კვების ობიექტების მენიუს ნახვა, კერძის შეკვეთა და მისი ოფისში მიღება (შემდგომში – „მომსახურება“).
1.2. Cafeterio არის ტექნოლოგიური პლატფორმის მფლობელი და შუამავალი. Cafeterio არ არის კერძის მწარმოებელი, გამყიდველი ან მიმწოდებელი. კერძის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება იდება მომხმარებელსა და კვების ობიექტს შორის, რომლის დასახელება მითითებულია მენიუსა და შეკვეთის დადასტურებაში.
1.3. პლატფორმით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასოა.
მუხლი 2. მომსახურების ძირითადი პირობები
2.1. რეგისტრაცია
2.1.1. პლატფორმით სარგებლობის წინაპირობაა რეგისტრაცია. რეგისტრაცია ხდება დამსაქმებლის მოწვევით ან დამოუკიდებლად, თუ მომხმარებლის ოფისს Cafeterio უკვე ემსახურება.
2.1.2. რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს ან ელ. ფოსტას და პაროლს. მონაცემების დასადასტურებლად მომხმარებელი იღებს შესაბამის შეტყობინებას.
2.1.3. რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა წინამდებარე წესებისა და პირობების გაცნობა. ველის „გავეცანი და ვეთანხმები“ მონიშვნით მომხმარებელი ადასტურებს, რომ წესები და პირობები სრულად გაიცნო და ეთანხმება.
2.1.4. რეგისტრაციის დასრულებისთანავე წინამდებარე ხელშეკრულება დადებულად ითვლება Cafeterio-სა და მომხმარებელს შორის.
2.1.5. მომხმარებელი პასუხისმგებელია ანგარიშის მონაცემების საიდუმლოებაზე. მისი ანგარიშით განხორციელებული ქმედება მომხმარებლის ქმედებად ითვლება, თუ მან დროულად არ აცნობა Cafeterio-ს არაავტორიზებული წვდომის შესახებ.
2.2. შეკვეთა
2.2.1. კვირის მენიუ და მიწოდების განრიგი პლატფორმაზე წინასწარ ქვეყნდება. მომხმარებელს კერძის შეკვეთა შეუძლია შეკვეთის ვადამდე.
2.2.2. შეკვეთის განთავსებამდე პლატფორმა მომხმარებელს აჩვენებს კერძს, ფასს, დამსაქმებლის მიერ დაფინანსებულ და მომხმარებლის მიერ გადასახდელ თანხას, კვების ობიექტს, მიწოდების დღესა და დროს. შეცდომის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის გასწორება მის დადასტურებამდე.
2.2.3. Cafeterio შეკვეთის მიღებას ელექტრონულად, დაუყოვნებლივ ადასტურებს. შეკვეთა განთავსებულად ითვლება დადასტურების გაგზავნის მომენტიდან.
2.2.4. შეკვეთის ვადამდე მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის უფასოდ შეცვლა ან გაუქმება. შეკვეთის ვადის შემდეგ შეკვეთის შეცვლა ან გაუქმება შეუძლებელია, რადგან კვების ობიექტი კერძის მომზადებას იწყებს.
2.2.5. რამდენადაც კერძი მალფუჭებადი საქონელია, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადით ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება მასზე არ ვრცელდება. ეს არ ზღუდავს 2.2.4 პუნქტით და მე-6 მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს.
2.3. მიწოდება
2.3.1. კვების ობიექტი შეკვეთას აწვდის დამსაქმებლის ოფისის მიღების წერტილზე, პლატფორმაზე მითითებულ დროს, ინდივიდუალურად შეფუთული და მომხმარებლის სახელით მარკირებული სახით.
2.3.2. შეკვეთა მიწოდებულად ითვლება, როცა ის მიღების წერტილზე განთავსდება და ეს პლატფორმაზე აისახება. ამ მომენტიდან კერძის შენახვაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
2.3.3. თუ კვების ობიექტი მიწოდებას ვერ ახერხებს, Cafeterio შეძლებისდაგვარად შესთავაზებს ჩანაცვლებას ან მომხმარებელს აცნობებს დღის გაუქმების შესახებ. გაუქმებული შეკვეთის გადახდილი თანხა მომხმარებელს სრულად უბრუნდება.
მუხლი 3. ფასი და ანგარიშსწორების წესი
3.1. კერძების ფასებს ადგენს კვების ობიექტი. ფასები პლატფორმაზე საბოლოო სახითაა მითითებული და მოიცავს ყველა გადასახადს. მიწოდების საფასური არ არის.
3.2. თუ დამსაქმებელი აფინანსებს ლანჩს, დაფინანსებული თანხა მომხმარებლის მიერ გადასახდელ თანხას აკლდება. დაფინანსებულ ნაწილს დამსაქმებელი კვების ობიექტთან თავად ასწორებს. დაფინანსების ოდენობას და წესს განსაზღვრავს დამსაქმებელი, მისი შეწყვეტა კი შეიძლება მომხმარებელსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობის დასრულებისას.
3.3. დაუფინანსებელ თანხას მომხმარებელი იხდის შეკვეთისას, პლატფორმაზე ინტეგრირებული საგადახდო სისტემით (სს „საქართველოს ბანკი“). გადახდა ხორციელდება კვების ობიექტის სასარგებლოდ. ბარათის მონაცემებს ამუშავებს ბანკი და Cafeterio მათ არ ინახავს.
3.4. გაუქმებული ან დასაბუთებული პრეტენზიის საფუძველზე დასაბრუნებელი თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე. ბარათზე ასახვის ვადა ბანკზეა დამოკიდებული და ჩვეულებრივ 3–10 სამუშაო დღეს შეადგენს.
მუხლი 4. ინფორმაცია კერძებისა და ალერგენების შესახებ
4.1. ინფორმაციას კერძების შემადგენლობის, ალერგენების, წონისა და ფასის შესახებ აწვდის კვების ობიექტი, რომელიც პასუხს აგებს მის სისწორეზე. Cafeterio ამ ინფორმაციას ასახავს პლატფორმაზე და არ ამოწმებს.
4.2. მომხმარებელს შეუძლია პროფილში ნებაყოფლობით, ცალკე თანხმობით მიუთითოს ალერგია ან კვებითი შეზღუდვა. ეს ინფორმაცია უცვლელად გადაეცემა მხოლოდ იმ კვების ობიექტს, რომელიც მის შეკვეთას ამზადებს. მომხმარებელი პასუხისმგებელია ინფორმაციის სისწორეზე.
4.3. გაფრთხილება: კვების ობიექტის სამზარეულოში ალერგენებთან ჯვარედინი კონტაქტი სრულად ვერ გამოირიცხება. მძიმე ალერგიის შემთხვევაში, შეკვეთამდე დამატებით დაუკავშირდით კვების ობიექტს Cafeterio-ს მხარდაჭერის მეშვეობით.
მუხლი 5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. Cafeterio პასუხისმგებელია:
- ა) პლატფორმის გამართულ მუშაობაზე, გონივრული ძალისხმევის ფარგლებში;
- ბ) შეკვეთის სწორად მიღებასა და კვების ობიექტისთვის გადაცემაზე;
- გ) კვების ობიექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის პლატფორმაზე ზუსტად ასახვაზე;
- დ) პრეტენზიის კვების ობიექტისთვის გადაცემასა და მისი განხილვის ხელშეწყობაზე (მუხლი 6).
5.2. Cafeterio არ არის პასუხისმგებელი:
- ა) კერძის ხარისხზე, უვნებლობაზე, შემადგენლობასა და ალერგენების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე – ამაზე პასუხს აგებს კვების ობიექტი;
- ბ) მიწოდების დაგვიანებაზე ან შეუძლებლობაზე, რომელიც კვების ობიექტის ან მესამე პირის ბრალით მოხდა;
- გ) დამსაქმებლის მიერ დაფინანსების შეცვლაზე ან შეწყვეტაზე;
- დ) მიწოდების შემდეგ კერძის არასათანადო შენახვით გამოწვეულ შედეგებზე;
- ე) პლატფორმის დროებით შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოებით ან Cafeterio-სგან დამოუკიდებელი მიზეზით;
- ვ) მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებული ინფორმაციით გამოწვეულ ზიანზე.
5.3. წინამდებარე წესები და პირობები არ გამორიცხავს Cafeterio-ს პასუხისმგებლობას განზრახ მიყენებული ზიანისთვის და არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით მინიჭებულ უფლებებს.
5.4. მომხმარებელი პასუხისმგებელია:
- ა) მის მიერ მითითებული ინფორმაციის (მათ შორის, ალერგიისა და მიწოდების ადგილის შესახებ) სისწორეზე;
- ბ) ანგარიშის მონაცემების დაცვაზე და მისი ანგარიშით განხორციელებულ ქმედებებზე;
- გ) პლატფორმის კეთილსინდისიერ გამოყენებაზე. აკრძალულია: სხვისი ანგარიშის გამოყენება, დამსაქმებლის დაფინანსების ბოროტად გამოყენება, პლატფორმის მუშაობაში ჩარევა, კოდის კოპირება ან ტექნიკური ანალიზი;
- დ) შეფასებების გულწრფელობაზე. დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, ცრუ ან სარეკლამო შინაარსი. Cafeterio-ს შეუძლია ასეთი შინაარსის წაშლა;
- ე) კურიერების, კვების ობიექტებისა და Cafeterio-ს თანამშრომლების მიმართ კორექტულ მოპყრობაზე.
მუხლი 6. პრეტენზია და თანხის დაბრუნების წესი
6.1. მომხმარებელს შეუძლია პრეტენზიის წარდგენა პლატფორმის მეშვეობით (შესაძლებლობის შემთხვევაში – ფოტოთი), მიწოდებიდან 2 საათის ვადაში, თუ:
- ა) შეკვეთა არ მიეწოდა ან სხვა კერძი მიეწოდა;
- ბ) კერძი დაზიანებული, გაფუჭებული ან აშკარად უხარისხოა;
- გ) კერძი არ შეესაბამება პლატფორმაზე მითითებულ შემადგენლობას ან პორციას;
- დ) მიწოდება 60 წუთზე მეტით დაგვიანდა.
6.2. Cafeterio პრეტენზიას დაუყოვნებლივ გადასცემს კვების ობიექტს და მომხმარებელს პასუხს აცნობებს არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა. თანხის დაბრუნების საკითხს წყვეტს კვების ობიექტი. დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში მომხმარებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა, ხოლო დაფინანსებული ნაწილი – დამსაქმებელს.
6.3. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევისას (მოწამვლის ეჭვი, ალერგიული რეაქცია) ჯერ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით. Cafeterio შეაჩერებს ამ კვების ობიექტის შეკვეთებს და მოგაწვდით მის სრულ რეკვიზიტებს, რათა მოთხოვნა უშუალოდ კვების ობიექტს წაუყენოთ.
6.4. სხვა საკითხზე (ანგარიში, გადახდა, პლატფორმის მუშაობა) პრეტენზია იგზავნება მისამართზე support@cafeter.io. Cafeterio პასუხს აგზავნის არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. პრეტენზიის განხილვა უფასოა.
6.5. თუ პასუხი მომხმარებელს არ აკმაყოფილებს, მას შეუძლია მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან სასამართლოს.
მუხლი 7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
7.1. წინამდებარე დისტანციური ხელშეკრულება ძალაში შედის რეგისტრაციისთანავე და მოქმედებს ანგარიშის გაუქმებამდე.
7.2. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშის გაუქმება ნებისმიერ დროს, აპლიკაციის პარამეტრებიდან ან მოთხოვნით.
7.3. Cafeterio უფლებამოსილია შეცვალოს წესები და პირობები. არსებითი ცვლილების შესახებ მომხმარებელს ეცნობება არანაკლებ 14 დღით ადრე, ელ. ფოსტით ან აპლიკაციაში. ცვლილება არ ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე განთავსებულ შეკვეთებზე. თუ მომხმარებელი ცვლილებას არ ეთანხმება, მას შეუძლია ანგარიშის გაუქმება.
7.4. Cafeterio უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ანგარიში 5.4 პუნქტის დარღვევის, თაღლითობის ან Cafeterio-ს, კვების ობიექტების ან მათი თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელი ქცევის შემთხვევაში, რის შესახებაც მომხმარებელს ელ. ფოსტით ეცნობება. გაუქმებამდე გადახდილი და შეუსრულებელი შეკვეთების თანხა უბრუნდება მომხმარებელს.
მუხლი 8. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
8.1. Cafeterio მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და Cafeterio-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. პოლიტიკა განთავსებულია მისამართზე cafeter.io/privacy.
8.2. შეკვეთის შესასრულებლად კვების ობიექტს გადაეცემა მხოლოდ აუცილებელი მონაცემები. დამსაქმებელი ხედავს მხოლოდ ანგარიშსწორებისთვის საჭირო ინფორმაციას და ვერ ხედავს მომხმარებლის არჩეულ კერძებს, ალერგიებსა და კვებით შეზღუდვებს.
8.3. Cafeterio-ს სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი იღებს მხოლოდ თავისი ცალკე თანხმობით, რომლის გამოხმობაც ნებისმიერ დროს შეუძლია.
მუხლი 9. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი
9.1. მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
9.2. მხარეები ნებისმიერ სადავო საკითხს მოლაპარაკებით წყვეტენ. შეთანხმების მიუღწევლობისას დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლო, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის გათვალისწინებით.
მუხლი 10. დამატებითი პირობები
10.1. წესებისა და პირობების რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს დანარჩენი დებულებების ბათილობას.
10.2. პლატფორმა, მისი დიზაინი, კოდი, ლოგო და შინაარსი Cafeterio-ს ან მისი პარტნიორების საკუთრებაა. მომხმარებელს ენიჭება პლატფორმით პირადი სარგებლობის არაექსკლუზიური უფლება.
10.3. ხელშეკრულებით მოუწესრიგებელი საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.4. შეტყობინება იგზავნება ელექტრონულად: Cafeterio-ს შემთხვევაში – ვებ-გვერდზე მითითებულ ელ. ფოსტაზე, მომხმარებლის შემთხვევაში – რეგისტრაციისას მითითებულ ან შემდგომ განახლებულ ელ. ფოსტაზე ან ტელეფონზე, ან აპლიკაციის შეტყობინებით. ელექტრონულ შეტყობინებას აქვს წერილობითი შეტყობინების იურიდიული ძალა და ის ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომდევნო კალენდარულ დღეს.
10.5. ხელშეკრულების შეწყვეტა არ მოქმედებს იმ დებულებებზე, რომლებიც თავისი არსით შეწყვეტის შემდეგაც მოქმედებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
შპს „კაფეტერიოტექი“ (ს/კ 400451211)
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, მიკრო/რაიონი VI, კორპუსი 9, ბინა N60
ელ. ფოსტა: support@cafeter.io · ტელეფონი: +995 599 15 49 24
ვებ-გვერდი: cafeter.io
